ზუგდიდის ბაზრის გადატანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები განიხილეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინიატრაციის ინფორმაციით, ზუგდიდის ბაზრის სხვა ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები განიხილეს, თუმცა კონკრეტულად რა ვერსიებზეა საუბარი და ვის შორის მოხდა საკითხის განხილვა, ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია.

გუბერნატორის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჯგუფ-TIMES”-ის წევრების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც სხვადასხვა პრობლემურ საკითხებს მოიცავს, მათ შორისაა სწორედ ზუგდიდის ბაზრის გადატანის, ასევე რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციის და ქალაქში საპირფარეშოების პრობლემა.

პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლიკა ქვარცხავა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ “პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს”, ზოგიერთზე კი – “საკითხი მოკვლევის პროცესშია”. განცხადებაში კონკრეტულ ვადებსა და კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი არაა.

“გპასუხობთ “ზუგდიდი-TIMES”-ის წევრების მიერ მოწოდებულ პრობლემებზე ლაკონურად:

1. იმ საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია, რომლებსაც გადაუდებლად ჭირდებათ – საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. რაიონებში ვიზიტების დროს, თუნდაც ეს სხვა პრობლემების მოკვლევას ეხებოდეს, საბავშვო ბაღებს ვსწავლობთ.

2. მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავება ღამის 12 საათამდე – დამაბრკოლებელი ფაქტორი მოკვლევის პროცესშია.

3. რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქცია – ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყების დღეს, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას სტუმრობისას, გუბერნატორმა მას შესთავაზა, ქალაქში არსებულ პრობლემებს გაცნობოდა, მათ შორის, რკინიგზის სადგურს. შესაბამისად, საკითხი დაძრულია.

4. ქალაქში საპირფარეშოების პრობლემის მოგვარება – პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს.

5. საფეხბურთო კლუბის-ზუგდიდის “ოდიშის” აღდგენა – აღნიშნა, რომ შეისწავლის თხოვნას.

6. ახალი ავტობუსების შემოყვანა – ახალი, Euro VI ემისიის სტანდარტის დიზელზე მომუშავე ძრავის ავტობუსების შემოყვანაზე მიმდინარეობს მუშაობა სხვა ალტერნატიულ შესაძლებლობებთან ერთად.

7. საცხოვრებელი ბინები უსახლკაროთათვის – ,,და არა მხოლოდ, დევნილთათვისაც” – გუბერნატორის პასუხი.

8. ბაზრის გადატანა – მიმდინარე დღეებში სხვადასხვა ვერსია განიხილეს, წარმოდგენილი იყო აღნიშნული ვერსიების ესკიზებიც. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემური საკითხების გადაჭრას გარკვეული დრო სჭირდება და გთავაზობთ, თვალი ადევნოთ მოვლენების განვითარებას.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ მადლიერება გამოხატა ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისათვის”, – წერს ლიკა ქვარცხავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი