საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის გადაწყვეტილებით და შესაბამისი ბრძანებით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
უწყების ცნობით, “სოფლის სასაფლაოს ცენტრში დგას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნანგრევი, რომელიც სავარაუდოდ, გვიან შუა საუკუნეებში არის აგებული, გადაკეთებულია მე-19 საუკუნეში.
შენობა გეგმაზე წარმოადგენს ნაგეგბობას სამი ცალი შვერი აფსიდით. ტაძრის შემორჩენილი კედლები საკმაოდ დიდი ზომისაა, მისი სიგრძე – 18, სიგანე 12 მეტრია, კედლის სისქე კი ერთ მეტრამდე აღწევს. ხალხი მას ,,ჩეოხვამეს” ეძახის, რაც თეთრ სალოცავს ნიშნავს. ტაძარს აქვს სამი კარი და შვიდი სარკმელი, რომლებიც აგურითაა მოჩარჩოებული, ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებს აქვს აგურით გამოყვანილი სამ-სამი დეკორატიული თაღი და ნახევარსვეტი. სამკვეთლოსა და სადიაკვნეში პატარა ნიშებია. ნაგებობა აშენებულია მოზრდილი რიყისა და ფლეთილი კირქვებით, კირქვის კვადრები კი მხოლოდ კუთხეების ამოსაყვანადაა გამოყენებული. ეკლესიის ნაგებობის ზედა ნაწილი შეიძლება ითქვას მთლიანად დანგრეულია, ,,წაკვეთილია’’. არც კანკელია შემორჩენილი და არც სვეტები.
XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ადგილობრივ მოსახლეობას განუზრახავს ტაძრის გადახურვა, ამ მიზნით ძველი სვეტების ადგილზე ორი რკინის მილი აღუმართავთ. გადარჩენილი კედლები საკმაოდ მყარად გამოიყურება. ტაძარი მეცნიერების მიერ არასოდეს არ შესწავლილა, შესაბამისად არც ტაძრისა და მისი შემოგარენის სტრატიგრაფიაა ცნობილი.
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა, ფასადთა მორთულობა”.