“ეთიკის პრინციპები” საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა დღეს „ეთიკის პრინციპების“ პრეზენტაცია გამართეს, რომლის თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატები შეთანხმდებიან, რომ არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს ერთმანეთის მიმართ.

“დოკუმენტზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს. ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას. დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ; არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს“, – აცხადებენ ცესკო-ში.

ჯერჯერობით უცნობია, რომელი, ან რამდენი საპრეზიდენტო კანდიდატი მოაწერს ხელს დოკუმენტს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი