„ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტს, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და შვეიცარიის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა დღეს გააცნეს საზოგადოებას, 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი.
როგორც ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განუმარტა, “მას აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტს ყველა კანდიდატი ხელს ერთი კვირის ვადაში მოაწერს”.
„პრეზიდენტობის თითოეული კანდიდატი თუ წარმომადგენელი ჩართული იყო ეთიკის პრინციპების შემუშავების პროცესში და ისინი აცხადებენ თანხმობას ამ დოკუმენტზე შემოერთების. ამ ეტაპზე პროცესი ღიაა, მიმდინარეობს და გრძელდება ხელმოწერების პროცესი. უკვე 20-მდე კანდიდატმა მოაწერა ხელი და კიდევ ველოდებით დარჩენილი კანდიდატების მიერ დოკუმენტზე ხელმოწერას, ვინაიდან, ჩვენ წინასწარი თანხმობა და მხარდაჭერა დოკუმენტის შინაარსთან და შეთანხმების შედეგთან დაკავშირებით გვაქვს. ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან საარჩევნო კულტურის განვითარება, სარჩევნო პროცესების ხელშეწყობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია”, – განაცხადა ჟვანიამ.
შეგახსენებთ, რომ “ეთიკის პრინციპების” თანახმად, დოკუმენტზე ხელმომწერი პირები თანხმდებიან, რომ დაიცავენ საზოგადოების ინტერესებს; ეთიკის პრინციპები საფუძვლად დაედება პრეზიდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიას; დოკუმენტზე ხელმომწერები ასევე თანხმდებიან, რომ დაიცავენ საქართველოს კანონმდებლობას, საქმიანობას აწარმოებენ, ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციის გარეშე; არ გამოიყენებენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის შემცველ გამონათქვამებს; ხელს შეუწყობენ მშვიდობიან საარჩევნო გარემოს, ასევე, ხელს არ შეუშლიან კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებებსა და სააგიტაციო მასალის გავრცელებას; განზრახ არ გაავრცელებენ ყალბ ინფორმაციას სხვა კანდიდატების შესახებ; არ გამოიყენებენ ადმინისტრაციულ რესურსებს.