მიხეილ სააკაშვილი: “ივანიშვილი იქცევა, როგორც ასლან აბაშიძე და დაასრულებს ძალიან ცუდად”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელშიც არჩევნების შედეგებზე საუბრობს და ქართულ პოლიციას, ჯარს და “ქართული ოცნების აქტივისტებს მიმართავს.

ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ოპოზიცია ისევ ერთიანდება, როგორც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” დროს.

“დანამდვილებით შემიძლია ვივარაუდო, რომ გრიგოლ ვაშაძე რამდენიმე პროცენტით მაინც უსწრებს ზურაბიშვილს. პრაქტიკულად, ვაშაძე გამარჯვებული და გარანტირებულად მეორე ტურში გადასულია. ბაქრაძის განცხადება, რომელიც მალევე გააკეთა, ნიშნავს, რომ ისევ ერთიანდება ოპოზიცია, როგორც “ვარდების რევოლუციის” დროს, რომ შანსი არაა ჩვენი დამარცხების. მე იმედი მაქვს, შალვა ნათელაშვილიც იგივე ნაბიჯს გადადგამს. ხალხმა დაიჯერა, რომ შესაძლებელია ამ ურჩხული, ამ მონსტრის, საზიზღარი მოვლენის ივანიშვილის დამარცხება ამ ყალბი ფრანგი ქალბატონით.

როგორ არ რცხვენიათ, რომ აცხადებენ 52 %-ს. ვიცი რაც ხდებოდა ივანიშვილის ბანაკში.  ივანიშვილმა დაიბარა სუსელები. იქ განიხილეს დაიჭერენ თუ არა სიტუაციას. მომზადებული ჰყავთ სპეცრაზმი. მან დაიბარა სუსელები და მას ურჩიეს, რომ ეღიარებინა “ქართულ ოცნებას”, რომ მეორე ტური იქნება. თავიდან ივანიშვილი დათანხმდა, შემდეგ, 1 საათის შემდეგ შეცვალა გადაწყვეტილება და თქვა, “არა, ვაცხადებთ პირველივე ტურში გამარჯვებას”! ის იქცევა, როგორც ასლან აბაშიძე, როგორც შევარდნაძე, როგორც იანუკოვიჩი, როგორც სარქისიანი და ჩვენ მოვიქცევით, როგორც ნამდვილი ქართველები, თავისუფლების მოყვარე ქართველები. თუ ისინი გააგრძელებენ დღეს საღამოს ამ კენჭისყრის შედეგების გაყალბებას, თუ ივანიშვილი შეეცდება, მოსტაცოს ქართველ ხალხს არჩევანი, იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა პრაქტიკულად, დღეს ამ არჩევნებში გაიმარჯვა, ივანიშვილი დაასრულებს ძალიან ცუდად.

მინდა, გავაფრთხილო ყველა პოლიციელი, როგორც ქართული პოლიციის შემქმნელმა, მინდა, მოგმართოთ თქვენ, მეგობრებო! ნუ მიიღებთ მონაწილეობას ამ ბანდიტი ოლიგარქის მანიპულაციებში და ნუ შეასრულებთ მის უკანონო მითითებებს.

მე მინდა, მივმართო ქართულ შეიარაღებულ ძალებს, არ გამოაყენებინოთ თქვენი თავი. როგორც მთავარსარდალი და თანამედროვე ქართული არმიის შემქმნელი, როგორც ადამიანი, რომელიც თქვენ გვერდით იბრძოდა და ჰქონდა პატივი, თქვენთან ერთად დაეცვა სამშობლო, მე მოგიწოდებთ დარჩეთ ერთგული კონსტიტუციის და არავითარ შემთხვევაში არ გახდეთ მსახური ამ ჭორვილელი ბანდიტის, ქართველი ერის დაუძინებელი მტრის.

მინდა, მოვუწოდო “ქართული ოცნების” აქტივისტებს, არც ერთ შემთხვევაში არ წაყვეთ ამას, არ ჩაყვეთ პოლიტიკურ საფლავში. მე გარანტიას გაძლევთ, რომ ის ადამიანები, რომლებიც არ მიიღებენ მონაწილეობას გაყალბებაში, არავინ არ იქნება დათხოვნილი სამსახურიდან, არავის ერთი თმა არ ჩამოუვარდება, ჩვენ გვჭირდება ყველა ადამიანი, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ საქართველო. ასე რომ, ჩვენ ვართ მობილიზებულები, მე ვარ თქვენს გვერდით, ოპოზიცია საქართველოში აერთებს თავის ძალებს, ბრიუსელის მემორანდუმის თანახმად, რომელიც ხელმოწერილი იქნა ევროპის სახალხო პარტიის ეგიდით, სადაც მეც ვარ აქტიური წევრი და ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ქართველი ერის მიერ გაკეთებული არჩევნების შედეგებს.

ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ამ ახლადგამოჩეკილ ასლან აბაშიძეს, ამ უზურპატორს, ამ ქართველი ერის მტერს, ამ ყაჩაღს, ამ ბანდიტს, ამ ერთ უჯრედიან მილიარდერს, გააყალბოს არჩევნები ქართველი ერის მოღალატის სასარგებლოდ. თქვენ დაინახავთ ქართველი ერის ძალას, თქვენ დაინახავთ ქართველი ერის თავისუფლებისადმი წყურვილს. საქართველო გაიმარჯვებს, ყვველაფერი მაგრად იქნება. საქართველოს გამარჯვების დღე არის. საქართველოს გამარჯვების საუკეთესო დღეები კიდევ იქნება უახლოეს ხანში. აბა თქვენ იცით, ჩვენ მზად ვართ მეორე ტურისთვის, მაგრამ თუ ივანიშვილი აპირებს ახლა იმის გაკეთებას, რასაც აკეთებს, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება სრულიად ადექვატური. ჩვენ ვიქნებით მშვიდობიანი, ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე, მაგრამ დავიცავთ ჩვენი ხცალხის არჩევანს”, – განაცხადა საააკშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი