ინაუგურაციისთვის შექმნილი სპეციალური კომისიის წევრმა და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინაუგურაციისთვის ისევ ძალაში რჩება სამი ლოკაცია: თბილისი, თელავი და წინანდალი.
„დღეს განვიხილეთ შესაძლო სცენარი, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა დამტკიცდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც კონტურები იკვეთება. სტუმრების შესახებ არ გვექნება ინფორმაცია იქამდე, ვიდრე საგარეო საქმეთა სამინისტროდან არ გვექნება ინფორმაცია. მათ ორშაბათამდე აქვთ ვადა, რომ წარმოადგინონ სია, დაახლოებით ვინ ჩამობრძანდებიან უცხოეთიდან. რაც შეეხება ლოკაციებს, ისევ ძალაშია სამი ლოკაცია, ეს არის თბილისი, თელავი და წინანდალი. თბილისთან მიმართებაში საუბარია ჭავჭავაძის საფლავის გვირგვინით შემკობაზე, გმირთა მემორიალზე მისვლაზე. ფიცის დადების ცერემონია კი გაიმართება თელავში, ეს დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ არ შეიცვლება. ასევე განიხილება წინანდალის ლოკაცია, სადაც საზეიმო მიღება უნდა გაიმართოს”, – განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, სტუმრების სიას საგარეო საქმეთა სამინისტრო ხვალ წარმოადგენს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს ყველა ჩვენ პარტნიორთან, რომ რაც შეიძლება მეტი პარტნიორი დაესწროს ინაუგურაციის პროცესს. ეს არის ერთდღიანი ღონისძიება, დაიწყება 15:00 საათზე და დასრულდება დაახლოებით 19:00 საათზე. აქედან გამომდინარე, არ არის სურვილი სტუმრების მხრიდან, რომ განთავსდნენ სასტუმროში.
დღედ ვსაუბრობთ, რომ 15:00 საათზე უნდა დაიწყოს ფიცის დადების ცერემონია, პლუს-მინუსს ერთი საათი შეიძლეძა იყოს ცვლილება, იმის გათვალისწინებით, რა ამინდი იქნება“, – აღნიშნა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.