ინკვიზიციური აქტი – ასე აფასებს პრეზიდენტი „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „საჯარო სამსახურის კანონში“ შესატანი ცვლილებების პროექტს ინკვიზიციურს უწოდებს  და აცხადებს, რომ  ადმინისტრაციაში წლების პროფესიონალი თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც თავისი საქმით საამაყოები არიან და თუ პრეზიდენტები იცვლებიან, ეს ხალხი არ უნდა იცვლებოდეს.

„ორი სიტყვით მოგახსენებთ ადმინისტრაციის ფუნქციონირებაზე: პრეზიდენტს აქვს ორი ტიპის თანამშრომლებთან საქმე. პირველი არის ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი და სხვები, ვინც პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ. ესენი არიან ადამიანები, ვისაც პრეზიდენტი გამოყოფს თავისი შეხედულებების მიხედვით.

მე მაინტერესებს ფიქრია ჩიხრაძემ მითხრას როგორ ხედავს პოლიტიკურ სპექტრს და ამიტომ არის პოლიტიკურ საკითხებში მრჩეველი. ესენი არიან ადამიანები ვისაც ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე ვნიშნავ. არის კიდევ 100 ადამიანამდე, რომლებიც მუშაობენ საჯარო სამსახურის სტანდარტებიდან გამომდინარე და არ აქვთ შეხება პოლიტიკურ პრეფერენციებთან. ამის განმარტება, რომ მიხდება ძალიან ცუდ რამეზე მეტყველებს. ეს ის თემებია, რომელსაც 90-იან წლებში გავდიოდით, რომ სამინისტროს თანამშრომლები არ უნდა იცვლებოდნენ თუ მინისტრები იცვლებიან და ა.შ.

ამის შემდეგ ამ მიმართულებით ჩაიდო ჩვენი პარტნიორების მილიონები. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობენ ადამიანები, ვინც დაიწყეს მუშაობა გამსახურდიას დროს და ასეთი ადამიანები საამაყო არიან. პრეზიდენტები იცვლებოდნენ და ეს ხალხი არ იცვლებოდა. ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყებაა ყველა მიმართულებით.

ვინც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურნენ და ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნით, უცებ ამ ადამიანების მიმართ გამოდის დამსჯელობითი, ინკვიზიციური აქტი, რომ თურმე თქვენ არ ხართ საჯარო მოხელეებიო. წლები ემსახურები საქართველოს და უცებ გეუბნებიან, რომ ჩვენი ინკვიზიციური მენტალობით აღარ ხართ საჯარო სამსახურში. ასეთი შეურაცხყოფა არ მოსვლია თავში არც შევარდნაძეს, არც სააკაშვილს, არც მე, რადგან ბუნებრივია მადლობლები უნდა ვიყოთ ამ ხალხის. ძნელია ამ ადამიანებისთვის ამის ახსნა, მაგრამ ეს შეურაცხყოფელია სახელმწიფოსთვის. ეს არც ერთ პოლიტიკურ თეორიასთან კავშირში არ არის“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი