ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა გენერალური კონტრაქტორის შერჩევის პროცესი დაასრულა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში რვა საერთაშორისო მსხვილი კომპანია მონაწილეობდა. მოკლე სიაში სამი საუკეთესო გავიდა, უახლოეს დღეებში კი ტენდერში გამარჯვებული ანაკლიის პორტის გენერალური კონტრაქტორის ვინაობა აშკარა გახდება და გაზაფხულზე პორტის მშენებლობა ახალ მასშტაბურ ეტაპზე გადავა.

,,გარდა ამისა, ანაკლიის პორტში დაიწყება უახლესი ტექნოლოგიის გიგანტური ამწეების დამონტაჟება. ამ სამუშაოებზე 2000 – ზე მეტი ადამიანი უნდა დასაქმდეს და მათ განსახორციელებლად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ კიდევ ერთი საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა ექვსმა ლიდერმა საპორტო ამწე დანადგარების სფეროში მოღვაწე კომპანიამ მიიღო. შერჩევა ამერიკელ პარტნიორებთან, „SSA Marine” – სა და „Berger Abam“- თან ერთად მიმდინარეობდა. ტენდერის გამარჯვებული მალე გამოცხადდება

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბური საზღვაო სამუშაოები 2018 წლის 16 სექტემბერს დაიწყო. ამ დროსთვის დასრულდა მასშტაბური საზღვაო სამუშაოების პირველი ეტაპი და უდიდესმა დამაღრმავებელმა გემმა „ათენამ“ ზღვის ფსკერიდან ნაპირზე ამოტუმბა და ხმელეთზე განათავსა 5 მილიონი კუბური ქვიშა. რეკლამაციასთან ერთად დასრულდა  წამყვანი ჰოლანდიური კომაპანია „ვან ოორდის“ მიერ ჩამოტანილი უახლესი ტექნოლოგიის სადრენაჟო სისტემების მონტაჟი და პორტის ტერიტორია მომზადდა საზღვაო და სახმელეთო სამუშაოების შემდეგი ეტაპისთვის. მთლიანობაში, პირველი ფაზის განმავლობაში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, პორტის სამუშაოებზე 1500 ზე მეტი ადამიანის დასაქმებაა გათვალისწინებული” –  ნათქვამია ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პორტის პირველი ფაზის გახსნა და გემების მიღება 2020 წლის ბოლოდან იგეგმება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი