თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე ბინაში, სადაც 7 ადამიანი სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული – ინფორმაციას “ყაზტრანსგაზი” ავრცელებს:
„წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ბინზესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას,” – აღნიშნულია განცხადებაში.
შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.