საქართველოს საპატრიარქო, ბრალდებულ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით, ბოლო დროს “განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად”.
საპატრიარქო, გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების მასალების და იმ წერილის გასაჯაროებას ითხოვს, რომელიც თავად მამალაძის ინფორმაციით, ერთი წლის წინ მღვდელმთავრებისთვის აქვს გაგზავნილი.
საპატრარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას “newsportal.ge” უცვლელად გთავაზობთ:
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს როგორც თვითონ, ისე მისი უფლებადამცველნი და გარკვეული პირები კარგა ხანია აყენებენ კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს საპატრიარქოს წინაშე, მაგრამ აღნიშნულ მოთხოვნას პარალელურად მუდმივად თან ახლდა დეზინფორმაცია, ცილისწამება, მუქარა და, ახლა უკვე, გაშლილი კარავიც… სწორედ იმ ინსტიტუციის წინააღმდეგ, ვისგანაც შუამდგომლობის მიღება სურდათ და სურთ.
ასეთი, ერთი შეხედვით, არალოგიკური მოქმედება, ბუნებრივია, ბადებს ეჭვს იმისა, რომ განვითარებულ მოვლენებს აქვს მიზანმიმართული ხასიათი და ადვოკატებიც და დეკანოზის თანამდგომნიც, სინამდვილეში, პატიმრის ინტერესებს კი არ იცავენ, არამედ მის საქმეს იყენებენ ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად; ამ აზრს ამყარებს ის გარემოებაც, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომელნიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას და ყოველთვის ეძებენ მიზეზებს მისი დისკრედიტაციისათვის.
სამწუხაროდ, მამა გიორგიც და მისი ოჯახის წევრებიც ამ მიუღებელი მეთოდების თანამონაწილენი აღმოჩნდნენ და ეკლესიასთან მიმართებაში არ მოერიდნენ თავდაცვის მექანიზმად შანტაჟის გამოყენებას, რითაც ხელი შეუწყვეს თავისივე თავის საწინააღმდეგო მდგომარეობის შექმნას.
რეალურად კი, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს.
ეს პრინციპი, რა თქმა უნდა, კვლავაც ძალაშია;
შევნიშნავთ იმასაც, რომ ვინაიდან ბოლო დროს აქტიურად საუბრობენ მსჯავრდებულის მიერ ერთი წლის წინ მღვდელმთვრებისთვის გაგზავნილ წერილზე (რომელსაც სკანდალურს უწოდებენ), პატიმრობაში მყოფმა ეს და სხვა დოკუმენტებიც სჯობს გამოაქვეყნოს, რათა ყველამ გაიგოს, რა ბრალდებებზეა საუბარი და ხალხს არ დარჩეს განცდა იმისა, თითქოს, ჩვენი მხრიდან, მისი გათავისუფლების თხოვნა რაღაცის გაუთქმელობის ფასად შეიძლება მოხდეს.
ასევე მიგვაჩნია, რომ, სასურველია, გამოძიების მასალების გასაჯაროებაც, რათა თავიდან იქნას აცილებული რაიმე გაუგებრობა. მითუმეტეს, რომ, მართალია, ძიების პროცესში საქართველოს საპატრიარქო მხარე არ ყოფილა, მაგრამ განვითარებული მოვლენები მას უშუალოდ დაუკავშირდა.
იმედია, შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გაითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და, გამონაკლისის სახით, ამ ნაბიჯს გადადგამენ, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.