ანაკლიის პორტი არის ქვეყნის მომავალი – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი მზადაა, ნებისმიერ ფორმატში ღიად ისაუბროს ობიექტურ გარემოებებზე, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის ბრალდებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, სამ საკითხში მისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე კრიტიკული მომენტია. გახარიამ ამ კოქნეტქსში სამ საკითხს გაუსვა ხაზი.

„პირველი – სამწუხაროდ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, პარლამენტის ტრიბუნა იყო გამოყენებული ჩვეულებრივი ჭორაობისა და ტყუილებისთვის. მეორე – ამას, რა თქმა უნდა, თავისი მიზანი ჰქონდა. ნათელია, რომ ამის მიზანი იყო შინაარსობრივი საუბრიდან აქცენტების გატანა რაღაც სკანდალებზე და სამწუხაროდ, ეს გამოვიდა“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, მესამე და ყველაზე მთავარი ანაკლიის პორტის პროექტია.

„კარგად მესმის, რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტია.  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ ვსაუბრობთ როგორც ეკონომიკაზე, ასევე უსაფრთხოებაზე. ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, რომ სკანდალებით, რაღაც შეთქმულების თეორიებით ადამიანები ცდილობენ, თავიანთ ვალდებულებებს თავი აარიდონ და ამით დააზიანონ სახელმწიფო ინტერესები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ამ ქვეყნის მომავალი, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კონტექსტში და არავის გამოუვა, არც ერთ შემთხვევაში, რომ შეთქმულების თეორიებით, სკანდალებითა და ჭორაობებით, ვალდებულებებს, რომელიც აღებულია წლების წინ, თავი აარიდოს“, – განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი