დავით ზალკალიანი: “ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე ავამოქმედებთ ყველა საერთაშორისო ბერკეტს”

ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზის ოფიციალური დასკვნის მიღებისთანავე მაქსიმალურად ავამოქმედებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო ბერკეტს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო უწყებას მყისიერად ჰქონდა კომუნიკაცია ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალურ წარმომადგენლებთან, ჟენევის ყველა თანათავმჯდომარესთან. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს.

„ყველა ჩვენი საელჩო არის ინფორმირებული და მათ მიეცათ ინსტრუქცია რომ დაუყოვნებლივ აცნობონ ამ ფაქტის შესახებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. მე მუდმივ კონტაქტში ვიმყოფები თბილისში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მექნება შეხვედრა, სადაც ყველა დეტალებს განვიხილავთ, ასევე ხვალ ველოდებით, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დაბრუნდება სოხუმიდან, მასთან უკვე ჩანიშნული მაქვს შეხვედრა, და ბუნებრივია, მისგან მოვისმენ, თუ რა ინფორმაცია გააჩნია მას“, – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, აუცილებელია გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმი ამოქმედდეს, სადაც აღნიშნულ ფაქტზე იქნება საუბარი.

„ეს აღმაშფოთებელი შემთხვევაა და კიდევ ერთხელ ამყარებს იმ აზრს, რომ აუცილებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკონტროლო ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამეგობრობის წვდომა. ეს არის ის, რასაც ჩვენ მუდმივად ვითხოვთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების დაფუძნებაზე, ყველა საერთაშორისო აქტორთან, ასევე აუცილებელია, ავამოქმედოთ ინციდენტების პრევენციის მექანიზმი გალში, რომელიც უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი ფორმატი, სადაც ამ აღმაშფოთებელ ფაქტზე იქნება საუბარი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

12 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დააკავა. გარდაცვლილის ცხედარი სენაკში გადმოასვენეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი