ზუგდიდის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრიბიდან 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მასთან ერთად გათავისუფლებულია ამავე საქმეზე დაკავებული მოქალაქე ხუტა ბ., რომელსაც 5 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქობალია და მოქალაქ ხუტა ბ. გასული წლის 24 დეკემბერს დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბ-მ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი