სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტი, სავარაუდოდ, ცუდი სმენადობის გამო ჩავარდა.

დეპუტატებმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, ცვლილებებს 54 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კანონპროექტით, იგეგმებოდა სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. გარდა ამისა, სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებოდნენ პირები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს. კერძოდ, საუბარი იყო იმ პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში. ასევე, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლიეს და მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისთვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება ვერ დააგროვეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი არ გამორიცხავს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე კანონპროექტი კენჭისყრაზე განმეორებით დღესვე დადგეს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი