გამოსაშვები გამოცდების გაუქმების კანონპროექტი კიდევ დადგება კენჭისყრაზე – განათლების სამინისტრო

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე აცხადებს, რომ სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩავარდნით მოსწავლეებს პრობლემები არ შეექმნებათ.

მისი განმარტებით, დადგენილი რეგლამენტით შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში კანონპროექტი კიდევ დადგეს კენჭისყრაზე.

„პარლამენტის დადგენილი რეგლამენტით, შესაძლებელია და უახლოეს მომავალში აღნიშნული კანონის პროექტს გუნდი დააყენებს კენჭისყრაზე მესამე მოსმენით. რაც შეეხება თავად კანონის პროექტს, ეს გახლავთ, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც გულისხმობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ან სკოლებში გამოსაშვები გამოცდების, ე.წ კატის გამოცდების გაუქმებას. ამიტომ უახლოეს მომავალში დადგინდება რეგლამენტითა და წესების სრული დაცვით, განმეორებით მესამე კენჭისყრა”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ის კანონპროექტი ჩავარდა რომლითაც, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმება იგეგმებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი