ზუგდიდში ,,ახალგაზრდული სივრცე“ აშენდება

ზუგდიდში, პირველი ახალგაზრდული ფორუმი ,,ახალგაზრდები ზუგდიდისთვის“ გაიმართა.

400 ახალგაზრდამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხებზე  და  ახალი ინიციატივების განხორციელებაზე იმსჯელეს.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა,  ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ და  მედიაპორექტ „ეტალონის“  წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა მიმართეს.

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი შენგელიამ, ახალგაზრდებს ახალი პროექტი გააცნო, რომელიც პირველად ზუგდიდში განხორციელდება. ახალი სივრცე, ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს თანამედროვე გარემოში იმუშაონ, გაერთონ და სპორტული ცხოვრებით დაკავდნენ. ახალ შენობაში განთავსდება კაფეები, სპორტული და ლიტერატურული კუთხეები, სამუშაო და გასართობი ოთახები.

ფორუმის მიზანი მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების საკითხზე მსჯელობა, მათი საჭიროებებსა და მოთხოვნებზე დამყარებული ინიციატივების განხილვა და შემდგომი განხორციელებაა.

შეხვედრა მნიშვნელოვანია ადგილობრივი ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დაახლოებას და მათი ჩართულობის გაზრდას მუნიციპალურ საკითხებში.

ახალგაზრდულ ფორუმს ასევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ედიშერ თოლორაია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია   და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი