“ანაკლიის პროექტი კერძო ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესოა”, — ამის შესახებ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ტრანზაქცია, რომელიც “თიბისი ბანკმა” განახორციელა, არის საეჭვო.
“11 და 10 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, მეორე – ხანგრძლივობას თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი გასული. 11 რომც იყოს, მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო, კარგი იქნებოდა? დღეს რას იტყოდნენ? ამას გასცენ პასუხი. ტრანზაქციაზე გასცენ პასუხი, როგორი უხეშია. ამას არ უნდა პროფესიონალური ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ გაიგო როგორი უხეშია ეს ტრანზაქცია”, — ამბობს ივანიშვილი.
მისივე თქმით, გამოძიება ახლა იმიტომ დაიწყო, რომ იქამდე გიორგი ქადაგიძე იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
“გიორგი ქადაგიძე იყო “ნაციონალური მოძრაობის” წევრი და იქიდან იმართებოდა. როცა კობა გვენეტაძე გახდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, როდესაც სტრუქტურებმა დაიწყეს ჯანსაღი ფუნქციონირება და როდესაც მონიტორინგის სამსახურმა ეს ტრანზაქცია აღმოაჩინა, მაშინ დაიწყო გამოძიება. ეს ტრანზაქცია იოლი აღმოსაჩენი იყო და არ სჭირდებოდა დიდი ფოკუსირება”, — განაცხადა ივანიშვილმა თიბისი ბანკზე საუბრისას.
მან ასევე თქვა, რომ “ინტერესი მხოლოდ ერთია, რომ ეს პორტი აშენდეს და თუ ამას კერძო ბიზნესი გააკეთებს, ეს ძალიან მისასალმებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან”.