მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა

პარიზის საკათედრო ტაძრის მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა. ამის შესახებ ნოტრ დამის რექტორმა პატრიკ ჟაკინმა განაცხადა.

იესო ქრისტეს ეკლის გვირგვინი მთავარი რელიქვიაა, რომელიც ტაძარში ინახებოდა.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, მეხანძრეებმა ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს საშინელი ტრაგედია უწოდა. ეს განცხადება მაკრონმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას გააკეთა.

„ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის. ჩვენ აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, – აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.

მან ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი