საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 101 წლის იუბილეს აღნიშნავს.
1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
,,1918 წლის 25 მაისს ხაშურთან ახლომდებარე სოფელ აძვისში ერთი უბრალო ქართველი გლეხკაცი, დავით კაპანაძე გარდაიცვალა. 26 მაისს საქართველოში ისტორიული კვირადღე გათენდა – გამოცხადდა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
ისტორიამ შემოინახა საოცარი საფლავის ქვა, რომლითაც შვილებმა არა მარტო საკუთარ მამის – დავით კაპანაძის სახელი უკვდავყვეს, არამედ იმ თაობების ქართველთა გულისთქმაც გააცხადეს, სამშობლოს ბედნიერებისთვის რომ იბრძოდნენ, მაგრამ ამ სანუკვარ დღეს ვერ მოესწრნენ. აი, რა წერია იმ საფლავის ქვაზე: ,,მონობაში ტანჯულო, დაუვიწყარო მამავ! შენი ნატვრა აღსრულდა – საქართველო განთავისუფლდა! 1918 წ. 26 მაისი”.
ამონარიდი ოთარ ჯანელიძის ნარკვევიდან ,,26 მაისიდან 25 თებერვლამდე”.
1918 წლის 26 მაისს საქართველო რუსეთის იმპერიის 117-წლიანი ბატონობისგან გათავისუფლდა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა.
სააგენტო ,,ნიუსპორტალი” საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ!