მაშველებმა სვანეთში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ – „112“-ში შეტყობინება შევიდა, რომ მესტიაში, ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი დახმარებას ითხოვდა.
“მაშველთა ჯგუფი 4 კაციანი შემადგენლობით დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი ტურისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ”, – აცხადებენ უწყებაში.