საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა ჩავედით, – ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა თბილისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.
„ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ, სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს“, – განაცხადა გავრილოვმა.
მისივე თქმით, ქართული მხარისგან მათ მიიღეს წერილობითი გარანტიები ასამბლეის ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.