პარლამენტის წინ აქცია განახლდა – მოთხოვნები უცვლელია

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია – გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, რისთვისაც მას ვადას დღის ბოლომდე აძლევენ. ისინი ასევე მომდევნო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლას და მის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. პარლამენტის წინ სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდნენ. აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის რამდენიმემ მხედველობის ორგანო დაკარგა. დააკავეს ათეულობით მოქალაქე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი