ზუგდიდში, დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელთან, გიგი სიჭინავას შემოქმედებითი საღამო ,,დაინახე და დააფასე ჩვენი შესაძლებლობები“ გაიმართა.
შემოქმედებით საღამოს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად ესწრებოდა.
“მოხარული ვარ, რომ დღეს გიგის შემოქმედებით საღამოს ვესწრები. თითოეული ნამუშევარი განსაკუთრებულ ემოციას გამოხატავს. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ გიგის ფერწერული ნამუშევრების პაზლები გაყიდვაშია და მისი შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის მხარს დაუჭერს ნიჭიერ ახალგაზრდებს. წარმატებებს ვუსურვებ გიგის მის შემოქმედენით საქმიანობაში“-აღნიშნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ.
მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მუსიკის ფონზე დაეთვალიერებინათ გიგის შემოქმედება, ადგილზე აეწყოთ მისი ფერწერული ნახატებისგან შექმნილი პაზლები და ენახათ ვიდეოჩანაწერები გიგის მეგობრების კომენტარებით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, “განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდების” პროგრამიდან გიგი 1200 ლარით დააფინანსა. რომლის ფარგლებში, გიგი სიჭინავა ფერწერულ ტილოები პაზლის სახით გამოსცა.
გიგი სიჭინავა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდია. მას საკუთარი სახელოსნოც აქვს, რომელიც მშობლებმა გაუხსნეს. გი¬გის 250-მდე პორტრეტი, 60-ზე მეტი ნახატი და 300-მდე ინოვაციური მანქანა და ნაძერწი ნივთი აქვს, მონაწილეობა მიიღო არაერთ გამოფენაში.
ღონისძიებას ხელისუფლებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მომავალ წელს გიგი სიჭინავას ნამუშევრების გამოფენა ევროპაში მოეწყობა.