მესტიის მუნიციპალიტეტის, ჭუბერის თემის მოსახლეობამ „ნენსკრა ჰესის“ პროექტის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა. ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი სამუშაო ჯგუფი პროექტის განხორციელების პროცესს გააკონტროლებს.
ჭუბერელებს დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, მესტიის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, პროექტის ინვესტორის „ქეი ვოთერის“ და საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ წარუდგინეს სამოქმედო გეგმა, რომელიც ჭუბერისა და ნაკრის თემის სოციალური პროექტების დაფინანსებას და განვითარებას შეეხება.
გუბერნატორ ლევან შონიას განცხადებით, „ნენსკრაჰესის აშენებაში ინვეტორი 1 მილიარდი ამერიკული დოლარის ინვესტიციას დებს, შეიქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გარდა მშენებლობის პროცესისა ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება ოპერირების პროცესშიც, რაც მთავარია ინვესტორი იღებს ვალდებულებას ადგილობრივების გადამზადება მოახდინოს. ასევე ინვესტორი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ამ სოციალურ საჭიროებებს თავად მოსახლეობა მიაწვდის მათ“ – აღნიშნა შეხვედრაზე მხარის გუბერნატორმა.
შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, პროექტის ტექნიკურ დეტალებზე განმარტებები გააკეთეს ინვესტორის მიერ მოწვეულმა სპეციალისტებმა. ადგილობრივების ნაწილი „ნენსკრა ჰესის“ პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებოდა და პროექტის შესახებ დამატებით ინფორმაციასა და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
მშენებელი კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით, მეტი ნდობისთვის მოსახლეობის მიერ შექმნილ მონიტორინგის ჯგუფს ჰესის შესახებ არსებული ყველა კვლევა და დოკუმენტაცია გადაეცემა.
280 მგვტ.-იანი ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური მდინარე ნენსკრაზე შენდება. პროექტის ინვესტორია კორეული კომპანია „ქეი ვოთერი“, სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია „სალინი იმპრეჯილო“ ქართულ სამშენებლო კონსორციუმ „ჯისისისთან“ ერთად ახორციელებს.