პრემიერი “რუსთავი 2”-ის ეთერში მომხდარ ფაქტზე: “ეს არის ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან”

საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები “რუსთავი 2”-ის ეთერში ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის და გინების ფაქტს გამოეხმაურნენ. განცხდება გაავრცელეს როგორც პრემიერმა, ასევე პრეზდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ.

“ის, რაც დღეს ქართულმა საზოგადოებამ იხილა „რუსთავი 2“-ის ეთერში, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ მიმართვას ერთმნიშვნელოვნად ვაფასებ, როგორც პროვოკაციას, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილს, მიმართულს საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე და საქართველოს ყველა მეგობარი, გაემიჯნება ამგვარ ავანტიურას, ყველა გონიერი ადამიანი ამ ფაქტს შეაფასებს პოლიტიკურად ძალიან საშიში პროვოკაციის გამოვლინებად. ეს არის პროვოკატორების ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ბინძური და ამაზრზენი თამაში სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებასთან“, – ნათქვამია პრემიერ მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

ქვეყნის პრეზიდენტი კი მიიჩნევს, რომ “ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ”.

„პატრიოტიზმი სხვა რამ არის და ქვეყნის ინტერესების დაცვა აგრესიით, დესტაბილიზაციით და არეულობით არ ხდება. ჩვენი გზა მშვიდობიანი გზა არის, ჩვენი პერსპექტივა ევროპა, ჩვენი ძალა კი სტაბილურობა. ქვეყნის დაშლა ორ ბანაკად, გარე დაპირისპირების წაქეზება და რეგიონში დაძაბულობის გაღვივება ჩვენი მხრიდან დაუშვებელია! ეს ან ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება, ან რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე? ყოველ შემთხვევაში, ეს არის ქმედება ქვეყნის წინააღმდეგ! საქართველოსთვის რაც უკადრებელია, ის იკადრა! სახელმწიფოს ინტერესების დაზიანება ამას ჰქვია!“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “რაც დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში მოვისმინეთ, არის პირდაპირი პროვოკაცია საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ”.

“კითხვები აღარ არსებობს, რომ ეს პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს”, – აღნიშნავს თალაკვაძე.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ გადაცემის ეთერი რუსულ ენაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გინებით და შეურაცხყოფით გახსნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი