ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მედიასთან განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, შეკითხვები ჯგუფური ძალადობის ირგვლივ დაუსვევს და არაფერი უკითხავთ სახელმწიფო გადატრიალების მუხლზე, რომლითაც ასევე მიმდინარეობს 20-21 ივნისის აქციის მოვლენების ძიება.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება გაუგებრობაშია. ჩვენ საჯაროდაც ვიცით პროკურატურისა და შსს-ს ხელმძღვანელობისგან, რომ რაღაც მისტიურ სახელმწიფო გადატრიალებას იძიებენ. სახელმწიფო გადატრიალების საქმე არ ახსენეს და ჯგუფურ ძალადობაზე იყო საუბარი. ვკითხე, სხვადასხვა საქმე იყო თუ არა. მითხრეს, რომ ეს ერთი საქმეა. შეიძლება, ეს ხრიკებია, თუმცა ფაქტია, რომ ეს საქმე ხელოვნურადაა დაჩეხილი. რაღაცას უნდათ, მოეჭიდონ. ხელებს აცეცებენ სიბნელეში. უნდათ, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალებად მონათლონ. ისტორიული ექსკურსის ჩატარებაც მომიხდა. შეკითხვებს მისვამდნენ, ახსენებდა თუ არა ვინმე რევოლუციას და რას ვფიქრობდი ვარდების რევოლუციაზე“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, კითხვებით იკვეთებოდა, რომ ხელისუფლების დაუოკებელი სურვილია, პარალელი გაავლონ ვარდების რევოლუციასთან.
„ეს ზვიად ძიძიგურის გუშინდელი განცხადებიდანაც ჩანდა. ამ კაცს ვერ აკავებდნენ, ისე შერბოდა პარლამენტში. ახლა ლაპარაკობს, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მიუღია თურმე მონაწილეობა“, – განაცხადა გიგი უგულავამ.