იუსტიციის მინისტრი უფლებადამცველ მუხაშავრიაზე:”არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან”

“კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში იურისტმა და უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით ევროსასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებასა და დიდ პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თემაზე საუბრისას უფლებადამცველმა ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ჩაცმულობაზე გაამახვილა ყურადღება.

“თვალში საცემი იყო, იმ დღეს წულუკიანი შავებში რომ იყო გამოწყობილი. ეტყობა, არ იცოდა, რა გადაწყვეტილება იქნებოდა და ალბათ, არ მოელოდა ამ შედეგს, თორემ როგორც სჩვევია, ფერად ტანსაცმელს ჩაიცვამდა”, – განაცხადა მუხაშავრიამ.

მუხაშავრიას ამ განცხადებას თეა წულუკიანი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“არც კი ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ისე, რომ ადამიანი ასე მიდის ხელიდან… და მისთვის იმ ადამიანის პირადი ტრაგედია და გლოვაც კი დასაცინი ხდება ხოლმე მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ იტანს. ალბათ პოლიტიკოსმა და მინისტრმა შუბლზე უნდა დაიწეროს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს, რომ შინ ტრაგედია აქვს. დასანანია”, – წერს წულუკიანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი