14 დევნილ ოჯახს ზუგდიდში საცხოვრებელი სახლები აუშენეს

სოციალურად დაუცველი ოჯახების თავშესაფრით უზრუნველყოფისა და სათემო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 14 დევნილი ოჯახისთვის, მათსავე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ახალი საცხოვრებელი სახლები აშენდა.

სახლების ფართობი ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. განსახლების პარალელურად 14-ვე ოჯახს შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით მცირე გრანტებიც გადაეცა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილემ კახაბერ რუსიამ, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში ლუკას ბეგლინგერმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა სვენდ მონრად გრაუნბოელმა დაფინანსებული პროექტები და დევნილი ოჯახებისთვის აშენებული სახლები მოინახულეს.

პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით დანიის ლტოლვილთა საბჭომ (DRC) განახორციელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი