ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასამტკიცებლად “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალურ კონტრაქტორთან გაფორმებული ხელშეკრულება შევიდა.
როგორც კონსორციუმის გენერალურმა დირექორმა ლევან ახვლედიანმა განმარტა, პროექტი მშენებლობის დასაწყებად ტექნიკურად მზადაა და როგორც კი ინვესტორებთან მოლაპარაკების პროცესი დასრულდება, პორტის მშენებლობა დაიწყება.
„გენერალურ კონტრაქტორთან დავასრულეთ კომერციულ-ტექნიკურ პირობებზე მოლაპარაკება. ეს არის ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეული მიზანი, იმიტომ, რომ როგორც იცით, ჩვენ 1 წელი გავატარეთ ტენდერის პროცესში. ბოლო სამი თვე მიმდინარეობდა აქტიური მოლაპარაკება კონტრაქტორის შერჩევასთან მიმართებაში. დღეს ეს შეთანხმება ჩავაბარეთ მთავრობას, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ასევე ჩვენს ინვესტორ ბანკებს, რათა განიხილონ და დაგვიმტკიცონ არსებული ხელშეკრულება. ეს გენერალური კონტრაქტი ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მზადაა იმისთვის, რომ როგორც კი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებები დასრულდება, ჩვენ შევძლებთ მშენებლობის მეორე დღესვე დაწყებას”, – აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ხელშეკრულების ღირებულება 200 მილიონ დოლარს აღემატება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის ივლისში კონსორციუმმა მშენებელ კომპანიად ფრანგული “Eiffage”-ის, შვეიცარიულ “ABB”-ის და ქართული კომპანია “Caucasus Road Project”-ის კონსორციუმი შეარჩია.