ანაკლიის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“ – მიხეილ სააკაშვილი

ანაკლიის პორტი, უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“ რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების საკითხს.

„ცალი თვალით შევხედე მამუკა ხაზარაძის პრეზენტაციას ანაკლიაში, ლაზიკაში და ვნახე, ამ კრიალოსნიანი ბიჭების შეკრება და მოთქმა იმაზე, რომ ერთი და იგივე წრეზე დავდივართ 30 წელი. თურმე, ამ ხაზარაძემ და კრიალოსნიანმა ბიჭებმა, თეთრ, ფართხუნა ტანსაცმელში ჩაცმულებმა უნდა გაარღვიონ ეს წრე. ხაზარაძემ უკვე გაარღვია ეს წრე, ანაკლიის პორტი, იგივე ლაზიკის პორტი უკვე დამთავრებული იქნებოდა, თუ არა ხაზარაძე და ის „შანტრაბა“, რომელმაც მხარი დაუჭირა ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს. ამ ხალხმა მოიყვანა ივანიშვილი, ამ ხალხმა მოიყვანა ზურაბიშვილი, პირადად ხაზარაძემ დაწერა წერილი გასული წლის არჩევნებზე. მართლა ხომ არ გგონიათ, რომ სკლეროზი გვაქვს? რა შუაშია ხაზარაძე და ლაზიკის პორტი ერთმანეთთან“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანაკლიის პორტი ქართველი ხალხის საკუთრება იქნებოდა.

„ანაკლიის პორტის, ლაზიკის პორტის ფული უკვე იდო საქართველოს რკინიგზის ანგარიშზე და 2013 წლის ბოლოს, ეს პორტი იქნებოდა დამთავრებული. არა ოლიგარქის, არა „ბარიგის“, არა მორიგი მევახშის საკუთრება, ეს იქნებოდა ქართველი ხალხის საკუთრება. მერე ივანიშვილი მოელაპარაკა ხაზარაძეს, ერთად გააჩერეს პორტის მშენებლობა, ერთად მიითვისეს ეს პორტი და ახლა რომც აშენდეს, ხაზარაძის საკუთრება უნდა იყოს და ხაზარაძის ჯიბეზე უნდა იმუშაოს და ქართველი ხალხი რა შუაშია აქ საერთოდ. ქართველი ხალხისთვის ეს პორტი აშენებული იქნებოდა, უკვე დიდი ხნის წინ, თუ არა ხაზარაძე და რა თქმა უნდა, ივანიშვილი – მისი პატრონი. მერე ერთმანეთში ვერ მოილაპარაკეს, ამან ცოტა ზედმეტი მოინდომა, მერე ივანიშვილმა მოადო თავში“, – განაცხადა სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.

მისი თქმით, საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას „მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე“.

„მართლა ხომ არ ბნელა? ერთი მევახშე ივანიშვილი არ გვეყო, რომ ახლა კიდევ უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლისთავზე? მართლა სულელები ხომ არ გგონიათ თქვენ ქართველები და მართლა ხომ არ გგონიათ, რომ ყველაფერს მოისმენენ. საქართველო დაუბრუნდება სწრაფ განვითარებას მევახშეების და კრიალოსნიანი ბიჭების მმართველობის გარეშე, ბიზნესი საქართველოში იქნება დაცული, საქართველოში შემოვა 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, საქართველო იქნება ერთი გადასახადის ქვეყანა, საქართველო იქნება სწრაფი განვითარების ქვეყანა და საქართველოში, რა თქმა უნდა, იქნება ლაზიკის პორტი. ამას მე გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც არც ერთ დაპირებაში არ მოუტყუებიხართ და ყველაფერი შევასრულე და ამათი დრო წავა. საქართველოში უნდა გათენდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი