თავდაცვის მინისტრს 2 ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე რატი ბრეგაძე დაინიშნა. ის ამ დრომდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

2012-2015 წლებში რატი ბრეგაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2015-2016 წლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო, 2016 წელს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. დასრულებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სწავლობდა ზაარლანდის უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობისა და ეკონომიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. მიღებული აქვს ჰამბურგის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი) და სამართლის დოქტორის ხარისხი (სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი). რატი ბრეგაძე ეწეოდა აკადემიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, ამჟამად არის სრული პროფესორი კავკასიის უნივერსიტეტში.

ირაკლი ღარიბაშილის მეორე მოადგილედ დავით სუჯაშვილი დაინიშნა.

პოლკოვნიკი დავით სუჯაშვილი დანიშვნამდე ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს და დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, დავით სუჯაშვილი 1999-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში მუშაობდა. 2012-2013 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პოზიცია ეკავა. 2014 – 2015 წლებში კი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი იყო. დავით სუჯაშვილმა წარჩინებით დაასრულა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს აკადემია. 2019 წელს საჯარო მმართველობის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი