კორცხელის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში საკრებულოს შუალედური არჩევნებში, წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ვარადებულ ლაშხიამ გაიმარჯვა.

შუალედურ არჩევენებში კორცხელის მაჟორიტარულ ოლქში სამი კანდიდატი მონაწილეობდა, ხმები კი კანდიდატებს შორის ასე გადანაწილდა: ვარადებულ ლაშხია (ნაციონალური მოძრაობა) – 49.76% (623 ხმა), ამირან ლაგვილავა (ქართული ოცნება) – 48.96% (613 ხმა), თეონა ქარდავა (თავისუფალი საქართველო) – 1.28% (16 ხმა).

შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ცენტრალურმა საარვევნო კომისიამ 23 მაისს 03:30 წუთზე გამოაცხადა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია ელოდებოდა ყველა საარჩევნო უბნის მონაცემს, ვინაიდან ტარდება მაჟორიტარული სისტემით ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნები და თითოეული უბნის შედეგი იყო მნიშვნელოვანი. ასევე, უნდა განვაცხადო რომ ყველაზე დიდხანს ხმის დათვლის პროცესი კორცხელის საარჩევნო უბანზე გაგრძელდა, იქ რამდენჯერმე მოხდა ხმის გადათვლა. ამ მომენტისთვის კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე აქვს ყველა, 45 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ბრიფინგზე ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი