პრემიერი ხურჩის მკვლელობაზე: “მივაღწევთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 20 მაისს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმრებს. ამის შესახებ განცახდება პრემიერ მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.

”დიახ, რა თქმა უნდა, ვაპირებ, რომ ჩავიდე და მივუსამძიმრო ოჯახს. ეს არის ამაზრზენი შემთხვევა, ცივსისხლიანი მკვლელობა უდანაშაულო ადამიანის შეიარაღებული პირების მხრიდან. სახელმწიფოს ამ ინციდენტზე ექნება პასუხი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის განცახდებით, უდანაშაულო ადამიანის სისხლი არავის არ უნდა შერჩეს და დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

“ჩვენ ველოდებით ჯერჯერობით თუ რა რეაგირებას მოახდენს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება. ვნახოთ, დაველოდებით, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო თანამეგრობრობის მონაწილეობით, მივაღწიოთ იმას, რომ დამნაშავე დაისაჯოს. არავის არ უნდა შერჩეს უდანაშაულო ადამიანის სისხლი, ვინც არ უნდა იყოს ეს და ამას აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

20 მაისს, ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა. მიყენებული ჭრილობებით გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი