მსურს გავაფრთხილო მსოფლიო – პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა

ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა გაერო-ს ტრიბუნიდან მსოფლიო ლიდერებს ის ვითარება გააცნო რომელიც ოკუპირებულ და ადმინისტრაციული საზღვრის მიდმებარე ტერიტორიებზეა.

„როგორც საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მე აქ ვსაუბრობ იმ ადამიანების გაჭირვებაზე, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვართან ცხოვრობენ. ცხოვრობენ იმ ზოლზე, რომელიც ნათესავებს ერთმანეთს აშორებს და სოფლებს ხლეჩს, სადაც უბედური შემთხვევები და პროვოკაციები ყოველდღური ცხოვრების ნაწილია, სადაც აქტიურად მიმდინარეობს საზღვრების გადაწევა, რაც შეუძლებელს ქმნის ნორმალურ მშვიდობიან ცხოვრებას. მე ვსაუბრობ ჩვენი მოქალაქეების სახელით, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, იზღუდება გადაადგილების თავისუფლება, ჯანმრთელობისა და განათლების მომსახურების ხელმისაწვდომობა. ორივე რეგიონის საზღვრებზე განთავსებული გამშვები პუნქტები პერიოდულად იკეტება, რაც ადამიანების ტანჯვას იწვევს. ჩემი გამოსვლით მსურს გავაფრთხილო მსოფლიო, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში აფხაზური ენა (რომელიც აღარებულია საქართველოს კონსტიტუციის მიერ), და აფხაზური იდენტობა განადგურების ზღვარზეა, აფხაზი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულად არის შემცირებული. აფხაზური ენის, იდენტობისა და ტრადიციების დაკარგვა სამყაროსათვის აღუვსებელი დანაკლისი იქნება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, რათა დავიცვათ და გადავარჩინოთ ეს მდიდარი კულტურული მრავალფეროვნება, რის გამოც არაბები კავკასიას „ენათა მთად“ მოიხსენიებდნენ. მე ვსაუბრობ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სახელით, რომლებიც უკვე ათწლეულების მანძილზე ვერ უბრუნდებიან მამიპაპისეულ სახლებსა და მიწა-წყალს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე დასძინა რომ საქართველოს პასუხი ომზე მრავალ კომპონენტს მოიცავს და პირველ რიგში – მშვიდობის შენარჩუნებასა და განვითარების უზრუნველყოფას.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო პატივს სცემს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთახნების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და საოკუპაციო ხაზის მახლობლად სამხედრო ძალები განლაგებული არ ჰყავს.

„საქართველომ ცალმხრივად თქვა უარი ძალის გამოყენებაზე. ჩვენი პასუხი იყო გაწვდილი ხელი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც საშუალებას აძლევს ოკუპირებული ტერიტორიების მოქალაქეებს, (იმ შემთხვევებში, როდესაც მათ ხელს არ უშლიან და არ უკრძალავენ) ხელი მიუწვდებოდეთ ჯანდაცვისა და განათლების სისტემების შეღავათებზე, ისარგებლონ ბიზნეს შესაძლებლობებით და მონაწილეობა მიიღონ, თუნდაც არაპირდაპირ, (თუნდაც მინიმალური) საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი