შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით თავის პირველ კომენტარს ნანობს.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ მისი სიტყვები იყო არასწორი და წინდაუხედავი. ზაქარეიშვილი აპირებს, რომ ოთხოზორიას ოჯახს პირადად მიუსამძიმროს.
„ხურჩაში რაც მოხდა ეს არის საშინელი მკვლელობა. ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც მეც ვარ, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. რაც მე ვარ სახელმწიფო მინისტრი პირველად მაქვს განცდა სინანულის, რომ ჩემი სიტყვები არა თუ სწორად არ იყო გაგონილი, არამედ არასწორად იყო ნათქვამი. მინდა სინანული გამოვხატო გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომელმაც ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვა. ეს იყო ჩემი მხრიდან წამოცდენილი წინდაუხედავი სიტყვა და ვაპირებ ჩავიდე პატივი მივაგო ოთხოზორიას ოჯახს“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
პაატა ზაქარეიშვილმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე პირველი კომენტარი მედიასთან 21 მაისს გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ხელისუფლების პერიოდში ”ეს პირველი ასეთი მსხვერპლია, რაც ეჭვქვეშ აყენებს სამშვიდობო პოლიტიკას, თუმცა ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ”.
ამავე თემაზე
პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლეობაზე