“ჩვენთვის არ განუყენებიათ” – მარტვილში მეუფე პეტრეს მომხრე სასულიერო პირები შეიკრიბნენ

ჭყონდიდის უკვე ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მხარდასაჭერად მარტვილში, სასულიერო პირების ნაწილი შეიკრიბა. ისინი ამბობენ, რომ სინოდის გადაწყვეტილება პეტრე ცაავას განყენებაზე უსამართლოა. ასევე, შეკრებილები არიან ადგილობრივები.

“სინოდი არის ადგილი, სადაც უნდა იმსჯელონ ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის საჭირბოროტო ყველა საკითხზე. მოესმინათ ბოლომდე მეუფესთვის, რომელიც ამბობდა, რომ ხვალ მოიყვანდა მოწმეებს… ამის საშუალება არ მიეცა, რომ სინოდში მოგვარებულიყო ეს ყველაფერი… ჩვენთვის არ განუყენებიათ, ის მეუფეა, ჩამობრძანდება და მოვუსმენთ. მე პირადად არ ვემორჩილები სინოდის გადაწყვეტილებას”, – ამბობს ერთერთი სასულიერო პირი მთავარ არხთან საუბარში.

იღუმენია თამარის თქმით, სინოდის განჩინება უსამართლოა.

“გავეცნობი განჩინებას და მერე გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე, მაინტერესებს, რა კანონით დასაჯეს მეუფე პეტრე, იმ ყველაფრის მერე, რა ინფორმაციასაც მთელი ჭყონდიდის ეპარქია ფლობს, ეს სხდომა იყო პილატეს სასამართლო”, – ამბობს იღუმენია თამარი.

წმიდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენა. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი “მამათმავლურ ცოდვაში” ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალ გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს წალკელი ეპისკოპისი, მეუფე გრიგოლი შეცვლის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი