საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება – პრემიერი

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.

ყველას ძალან კარგად გვესმის, რომ ვალდებულება – ფრთხილად, გააზრებულად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური, ყოველდღიური ცხოვრების მხრივ, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს შესაბამისად კომენდანტის საათი“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობა იმოქმედებს 22 მაისის 00:00 საათამდე და მოიხსნება 23 მაისს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი