მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა, ყოფილიყო დღის წესრიგში – გიორგი გაბუნია

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია დაიკითხა.

გაბუნიას თქმით, ჰქონდა ინფორმაცია ლიკვიდაციის მზადებასთან დაკავშირებით და გაფრთხილებული იყო, ამის შესახებ არ ესაუბრა.

„მე მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა, ყოფილიყო დღის წესრიგში, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მქონდა ძალიან ზოგადი ინფორმაცია, დეტალები არც უთქვამთ, შესაბამისად, გამოძიებასთანაც საუბარი არ შემიძლია, რადგან უბრალოდ არ ვიცი. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, ეს შეამჩნია ჩემმა დაცვამ“, – განაცხადა გაბუნიამ.

კითხვაზე, მიმართა თუ არა საგამოძიებო უწყებას თვალთვალთან დაკავშირებით, გაბუნიამ განაცხადა, რომ აღნიშნულის თაობაზე საგამოძიებო უწყებამ იცოდა.

„დეტალები ჩემთვის არ უთქვამთ, მაგრამ მქონდა ინფორმაცია, სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდეც, რომ ამის შესახებ არავისთან უნდა მელაპარაკა“, – განაცხადა გაბუნიამ და დასძინა, რომ დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი.

მისი თქმით, მოსამართლის კითხვები ძირითად იმას შეეხებოდა, საიდან ჰქონდა მისი შესაძლო ლიკვიდირების თაობაზე ინფორმაცია და იცოდა თუ არა რაიმე კონკრეტული დეტალები.

„აქცენტი იყო იმაზე, საიდან მაქვს ინფორმაცია, რომელიც მაქვს, რომელიც საკმაოდ მწირია. ორი წყარო მყავდა ინფორმაციის, ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა, რომ შესაძლო იყო ადგილი ჰქონოდა მცდელობას ჩემი სიცოცხლის ხელყოფის და ამაზე იყო კითხვების დროს აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა წყარომ, რამდენად დეტალური იყო, თუ მითხრა ვინ იყო მისი წყარო და ა.შ. იყო აქცენტი იმაზე, ხომ არ მიფიქრია, რომ სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სუს-ისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია, რაც მითხრა გვარამიამ, მაგრამ არა. მე განვუმარტე მოსამართლეს, რომ არ მქონია ამის მცდელობა. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ვენდობი ნიკა გვარამიას, რომელიც მეუბნება ასეთ ინფორმაციას და პლუს, რომ მეუბნება, რომ წყარო იყო სუს-ი, აზრს კარგავს ისევ სუს-თან წასვლა და ამის შესახებ საუბარი. მეორე წყარო ინფორმაციის არის ჩემი დაცვა, რომელმაც შეამჩნია, რომ მე მითვალთვალებდნენ. დიდი ალბათობით დაიბარებენ ალბათ ჩემს დაცვასაც დაკითხვაზე. ორი თვეა დაახლოებით მას შემდეგ, რაც გაძლიერდა ჩემი დაცვა“,- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი