ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან

ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნებისას საქართველოს მოქალაქეები სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს.

მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის. ცნობილია, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოში ჩამოსვლისას ამ ქვეყნის მოქალაქეებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ევროკავშირის იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც დღეს არსებული რეჟიმი ნარჩუნდება.

მისივე თქმით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი