დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა

პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გასაცემად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვის ეს ვადა პირველ აგვისტომდე გაგრძელდა.

​„გვქონდა მთელი რიგი პაკეტი, რომელიც ითვალისწინებდა დახმარებას მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური, ან თვითდასაქმებულებისთვის, ვისაც შემოსავალი შეუმცირდა ან სამსახური საერთოდ დაკარგა.

მოგეხსენებათ, ასეთი ადამიანების რეგისტრაციების ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, პირველ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა, ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვს ეს ვადა გაგრძელებული იქნება პირველ აგვისტომდე. თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდეგაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა, სოციალურად დაუცველ ჩვენს ადამიანებს მივეხმაროთ, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შეუმცირდათ ან დაკარგეს შემოსავალი ოჯახებისთვის“,- განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა ასეთი დახმარება სახელმწიფოსგან მიიღო. ასევე დახმარება მიიღო 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც დაკარგა შემოსავალი ან დაკარგა სამსახური.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ეს ციფრები გაიზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ამ ვადის პირველ აგვისტომდე გადავადება“,- აღნიშნა გახარიამ.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მიიღებენ განაცხადების მიღებას იმ ადამიანებისგან, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე მუშაობდნენ.

„ამასთან, თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობასაც ვაფართოებთ და დღეს დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას ასეთი რეგისტრაციისთვის და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთი, ისინიც სახელმწიფოსგან მიიღებენ ამ სოციალურ დახმარებას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი