ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა

7 ივლისს ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები შეუფერხებლად ჩატარდეს.

“დღევანდელი ერთი შემთხვევა გახლავთ გუშინწინ დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სწორედ ამ შემთხვევამ მომიყვანა დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. გუშინ ჩვენ მიერ გვიან ღამით დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იმ საოჯახო კონტაქტების რიცხვიდან,რომელიც გუშინწინ ერთ-ერთ ქალბატონს დაუდასტურდა საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში. როდესაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევდა მასთან კონტაქტირებულ ადამიანებს, ერთ-ერთ ახალგაზრდა გოგონას კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, რომელიც 7 ივლისს გასულია ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა საგანგებო კონსულტაცია საგამოცდო ცენტრთან და ყველა ღონისძიებაა გატარებული იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელების პრევენცია გავაკეთოთ და ასევე, აბიტურიენტებს მივცეთ საშუალება, ვინც მასთან წერდა საგამოცდო ტესტებს, რომ გააგრძელონ შესაბამისი წესების დაცვით გამოცდები. ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მას განსაკუთრებულად არაფერი აწუხებს. ის გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში შემდგომი მკურნალობისთვის”, -განაცხადა გამყრელიძემ.

აბიტურიენტებს, რომლებმაც საგამოცდო ტესტი კორონავირუსით ინფიცირებულ აბიტურიენტთან ერთად დაწერეს, კარანტინში გადაიყვანენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი