საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით გახანგრძლივდა

საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. ამის შესახებ აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციაში.

მათვე ინფომაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის N322 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და შემდეგ აეროპორტებს შორის: მიუნხენი (გერმანია); პარიზი (საფრანგეთი) და რიგა (ლატვია).

„საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და airBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან“, – აცხადებენ სააგენტოში.

რეგულარული და ჩარტერული რეისების განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი