სვანეთში მოქალაქეებს საკარანტინო სივრცის დატოვება მომავალი კვირიდან შეეძლებათ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სვანეთში მოქალაქეებს საკარანტინო სივრცის დატოვება ტესტირების ჩატარების შემდეგ, მომავალი კვირიდან შეეძლებათ.

„მოგახსენებთ, რომ სვანეთთან მიმართებით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მერიასთან აქტიური თანამშრომლობით პირდაპირი კომუნიკაცია მოახდინა ფაქტობრივად ყველა დამსვენებელთან, ყველა მცხოვრებთან, რომლებიც აღნიშნული პერიოდის განმავლობაში სვანეთში იმყოფებოდნენ. დღევანდელი მონაცემებით, 1600-მდე ადამიანი არის ორგანიზებულად გადაყვანილი საკარანტინე სივრცეში. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან, ტესტირების შემდეგ ადამიანებს საკარანტინე სივრცის დატოვება შეუძლიათ. მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს თანამშრომლობისთვის, გამგებიანობისთვის, რადგან გვესმის, რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას უდრიდა მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ საკარანტინე სივრცეში თითოეული მათგანისთვის კომფორტული გარემო პირობები შეგვექმნა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი