ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ონკოლოგიურ პაციენტებს საჭირო პრეპარატები დაავადების ყველა ეტაპზე დაუფინანსდებათ.
“2019 წლის ნოემბერში, შევქმენით გაფართოებული ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსპერტები და პაციენტთა ჯგუფები. შევიმუშავეთ ცვლილება, რომელიც გვინდა შევთავაზოთ მოქალაქეებს. ეს ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომლებიც თანამედროვე მიდგომებისაა და ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება. სწორედ ამ პრეპარატთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ. დღემდე ამ მედიკამენტების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი ფინანსდებოდა და ძალიან ხშირად, მოქალაქეებს, მკურნალობის საბოლოო ეტაპზე აღარ მიუწვდებოდათ ხელი, შესაბამისად, უწევდათ ჯიბიდან გადახდა”, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ონკოდაავადებათა პროგრამის დაფინანსების გაზრდა სამომავლოდ დაგეგმილია და პაციენტებს უფასო სამედიცინო სრული კურსი ჩაუტარდებათ.
“მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ქვეყანაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემურად. აქ განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობა. იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს მისცემს შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, დღეს ამ პროგრამით საქართველოს 1974 მოქალაქე სარგებლობს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, – განაცხადა პრემიერმა.