ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციის რეკომენდაციაა, რომ საკარანტინო სივრცეებში მყოფ ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
მიქელაძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნებიან სპეციალისტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიები.
„არჩევნები უნდა წარიმართოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემოში. თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა ამავდროულად გასათვალისწინებელია ის ადამიანები, ვინც არიან ჩართული ამ პროცესში. ესენი არიან: საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მედია და შესაბამისად, თითოეული საკითხი უნდა იყოს განხილული ისე, რომ საერთო კონსენსუსი იყოს”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
მისივე თქმით, საკარანტინო ზონებში შესაძლოა გაიხსნას საარჩევნო უბანიც და ასევე შესაძლებელია იყოს გადასატანი საარჩევნო ყუთიც. როგორც მიქელაძემ განმარტა, ეს დამოკიდებულია საკარანტინო ზონებში მყოფ ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
ამასთან, ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, ამომრჩეველს, რომელსაც არ ექნება პირბადე, საარჩევნო უბანზე ვერ შევა.
„ამომრჩეველს საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს პიბადით. ასევე, ვმუშაობთ, რომ თითოეულ ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდუალური კალამი. საარჩევნო კომისიის წევრები აღჭურვილი იქნებიან შესაბამისი ფარებით. გარდა ამისა, პირბადეებით, ერთჯერადი ხელთათმანებით. სისტემატურად მოხდება სააუბნო-საარჩევნო კომისიის შენობის სპეციალური ხსნარებით დამუშავება”, – განაცხადა ანა მიქელაძემ.