პურზე ფასი არ გაიზრდება – მინისტრი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის გაცხადებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილი დაასუბსიდიროს.

როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პურზე ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ხორბლის ფქვილის, საუბარია პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაზე, იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც აგვაცილებს თავიდან პურის ფასის გაძვირებას. პროგრამა ამოქმედდება მომავალი კვირიდან, შესაბამისად, მოსახლეობას მინდა სრული პასუხისმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, პროგრამა კი 4 თვის განმავლობაში იმოქმედებს, 11 მარტამდე. შემდგომში ჩვენ დავაკვირდებით როგორი სიტუაცია იქნება საერთაშორისო ბაზრებზე“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილი დასძენს, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგები საკმარისია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი