თაღლითობის ბრალდებით „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი და კიდევ ოთხი პირი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს.
როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, დაკავებულები არიან: ქ. თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი შამილ კორძაძე, ლიფტების ტექნიკური ზედამხედველები გიორგი ცირდავა და არჩილ მიქაძე, ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ გუმბერიძე.

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ქ.თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ლობირებას უწევდნენ და უპირატეს მდგომარეობაში აყენებდნენ იმ ფირმებს, რომლებიც მათ ნათესავებზე ან ახლო მეგობრებზეა გაფორმებული: ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისი“.

„თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ თანამშრომლები მათი შენიღბული ფირმების გამოყენებით, წინასწარ ახდენდნენ ლიფტების აღდგენისთვის შესასრულებელი სამუშაოების პირველადი ხარჯთაღრიცხვების ხელოვნურად გაზრდას, შემდგომ თვითონვე ადგენდნენ გამგეობებში წარსადგენ შესაბამის დასკვნებს იმის შესახებ, რომ წინასწარ ხარჯთაღრიცხვებში ჩამოთვლილი სამუშაოების ნუსხა და მათზე მითითებული ფასები რეალურია, შეესაბამება მოცემულ მისამართზე არსებული ლიფტის მდგომარეობას და დაფინანსება მიზანშეწონილია.

სამუშაოების არაჯეროვნად დასრულების შემდგომ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ახდენდნენ საბოლოო ხარჯთაღრიცხვების (ფორმა N2) ჩაბარებას, თითქოსდა აღნიშნულმა კომპანიებმა შეასრულეს ხარჯთაღრიცხვებში მითითებული სამუშაოები, რასაც შესაბამისი ბეჭდით და ხელმოწერებით ადასტურებდნენ. აღსანიშნავია, რომ სამსახურებრივად სწორედ მათ ევალებოდათ შემსრულებელი ფირმის მიერ შედგენილი წინასწარი ხარჯთაღრიცხვების შემოწმება, სამუშაოების შესრულებაზე ზედამხედველობა და ტექნიკური კონტროლი.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, ტრასოლოგიური დასკვნითა და საფინანსო-სამეურნეო რევიზიის ფარგლებში შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ქ. თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე მხოლოდ ცხრა ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13 174 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით)“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი