პრემიერმა გიორგი გახარიამ ოპოზიციასთან დიალოგის პერსპექტივების კომენტირებისას განაცხადა, რომ დიალოგი პერსპექტივა კი არა, პოლიტიკოსების ვალდებულებაა, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრათ.
როგორც მან აღნიშნა, ქართველმა ამომრჩეველმა ხმა მისცა იმას, რომ პოლიტიკა პარლამენტში კეთდებოდეს და არა ქუჩაში.
“დიალოგი ვალდებულებაა და ამ ვალდებულების გააზრებით ვმოქმედებთ ჩვენ. ერთპარტიული პარლამენტი ნებისმიერი ქვეყნისთვის არის პრობლემა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ პარლამენტში არ შემოვა და დიალოგის ჩაშლისკენ იქნება ორიენტირებული იმიტომ, რომ რაღაც გამოწვევებს ვერ გავუძლებთ, ეს ფუჭი იმედებია. ყველამ ნება უნდა იბოძოს და პასუხისმგებლობა აიღოს. როდესაც წარმოუდგენელ სცენარებზე საუბრობენ და იმედი აქვთ, რომ ეს წარმოუდგენელი სცენარები მათ რაღაც რევოლუციურ განვითარებამდე მიიყვანს, ამას ტყუილად ელოდებიან. საქართველოს 2-მა მილიონმა მოქალაქემ ხმა მისცა იმას, რომ ქვეყნის პოლიტიკა უნდა კეთდებოდეს და წყდებოდეს პარლამენტში და არა ქუჩაში და ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაივიწყოს და დარწმუნებული ვარ, რომ უკვე დაივიწყა, როგორ კეთდება პოლიტიკა ქუჩაში. რაც უფრო ნაკლებ პასუხისმგებლობას გამოიჩენს ოპოზიცია, მით უფრო მკაცრ შეფასებას მისცემს ამას ამომრჩეველი შემდეგ არჩევნებზე”, -აღნიშნა გახარიამ.