კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ყველა ის პირი ჩაერთვება, რომელიც მკურნალობას როგორც ბინაზე, ასევე კლინიკაში გადიოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა, კვლევა ბიუროკრატიის მოწესრიგებისთანავე, დაახლოებით 20 თებერვლის შემდეგ დაიწყება.

ცერცვაძის ინფორმაციით, თითო პაციენტის კვლევისთვის, დაახლოებით 5 დღე იქნება საჭირო.

„ეს კვლევა მხოლოდ თბილისში ტარდება. ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი პაციენტების სია, ვინც კლინიკაში მკურნალობდა და გაეწერა და ასევე, ვინც ბინაზე მკურნალობდა. ამ კვლევაში ნახევარი იქნება ბინაზე კოვიდგადატანილი პაციენტი, მეორე ნახევარი კი ის, ვინც კლინიკაში მკურნალობდა. ჩვენ გამოვიძახებთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პაციენტებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, პოსტკოვიდური სინდრომი რამდენად ხშირია კოვიდგადატანილ პაციენტებში. ამიტომ, კომპიუტერული პროგრამა აარჩევს ცალკეულ სახელსა და გვარს, მოვიწვევთ და ჩავრთავთ კვლევაში. ეს არის კვლევა და არა ავადმყოფების მიღება და მომსახურება. ამან პირველად საქართველოში უნდა დადოს შედეგები და ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. უნდა დავადგინოთ რამდენ პროცენტში ვითარდება პოსტკოვიდური სინდორმი, რომელი ორგანო ზიანდება უფრო, რომელი დაზიანებებია ხშირი და ა.შ. ყველაფერ ამაზე დაიდება პასუხები და ამით იხელმძღვანელებს ქვეყნის ყველა კლინიკა და ექიმი“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიქმნება პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო პოსკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი

კომენტარის დატოვება