ამალი-დევდორაკის ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია

ამალი-დევდორაკის ხეობიდან მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის დასრულებულია. 200–მდე ადამიანი დაბა სტეფანწმინდაშია გადაყვანილი. მათი ნაწილი თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსების საშუალებით გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სამაშველო სამსახურები, სტიქიის ზონაში,  უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ხეობაში იმყოფებოდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც გადაუდებელ სამუშაოებს ადგილზე კოორდინაცია გაუწია. შემთხვევის ადგილზე თბილისიდან განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფიც გაიგზავნა.

გიორგი მღებრიშვილის დავალებით, გამოიყო ვერტმფრენი, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიმართულებით მიმავალი მოქალაქეების რუსეთის საზღვრამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ადგილამდე მათ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მიაცილებენ.

უხვი ნალექის შედეგად ღვარცოფული ნაკადის წარმოქმნამ მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის ამალი-დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურება გამოიწვია. საშიშ ზონაში, ამ დროისთვის გზის დაზიანებულ 134-კმ – 135კმ  მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი